მთავარი

რადიო ივერია FM105.5

საპატრიარქოს რადიო ,,ივერია“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მონდომებითა და ლოცვა კურთხევით 1999 წელს დაარსდა, იგი არის საჯარო არაკომერციული მედიასაშუალება. ამჟამად მაუწყებლობა ხორციელდება სათემო რადიომაუწყებლობის №B182  და №B203  ლიცენზიების  საფუძველზე.

რადიოს ეთერში გადის საკუთარი წარმოების გადაცემები.

რადიოს გადაცემათა პროგრამა იბეჭდება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ საინფორმაციო გაზეთში _,,საპატრიარქოს უწყებანი“. ასევე ხორციელდება ინტერნეტ სტრიმინგი mms://31.146.175.194:8080 მისამართზე, რაც საშუალებას აძლევს მსურველს მოუსმინოს რადიო “ივერიას” მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ინტერნეტის საშუალებით patriarchate.ge/,  radioiveria.ge/

ვის მოიაზრებს თავის აუდიტორიად ეს რადიო? რასაკვირველია, იგი ემსახურება მთელი ქართველი ერის ინტერესებს, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიურ, ისე არაეკლესიურ რადიომსმენელს, მაგრამ განსაკუთრებით დიდია მისი როლი  თანამედროვე მორწმუნე თუ რწმენის მაძიებლი თემის სულიერ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში, რადგანაც იგი ითვალისწინებს მართლმადიდებლური მედიის სპეციფიკას და ემსახურება ქრისტიანული მრევლის  სულიერი განათლების მისიას.

რით არის იგი, უპირველეს ყოვლისა, გამორჩეული? ეს არის მარადიულ საღვთო ღირებულებებზე ორიენტირებულობა, მისი სპეციფიკური დანიშნულება – მისიონერულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, მსმენელთათვის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მოძღვრების საფუძვლების გაცნობა, მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრების ყველა სფეროს ახსნა-განმარტება.

შესაბამისად, მთავარი ადგილი რადიოგადაცემებში უჭირავს  რელიგიურ გადაცემებს. რადიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია საღვთისმეტყველო მიმართულება, რომელიც თემატური მრავალფეროვნებით და მოცულობითაც გამორჩეულია. ეს არის  მრავლისმომცველი,  რთული სტრუქტურის და სიღრმით გამორჩეული  ციკლი.

რადიოს ეთერში გადაიცემა: დილა-საღამოს, შვიდგზისა და ზიარების წინა ლოცვები, მათი განმარტებები.

ქრისტიანული ცხოვრების საყრდენი და საფუძველი  წმინდა წერილია, ამიტომ  მასში შემავალი წიგნების შექმის ისტორია და განმარტებანი, მათი დღევანდელობასთან დაკავშირება მეტად მნიშვნელოვანია მორწმუნეთათვის.

წმინდა მამების, თანამედროვე მღვდელმსახურების, მაღალიერარქების და საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის ქადაგებანი (ამონარიდები ქადაგებიდან) მათი სიღრმისა და თემატიკის მრავალფეროვნებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე.

რადიომსმენელი ხშირად ისმენს საღვთისმეტყველო გადაცემებს: საეკლესიო კალენდრის, დღესასწაულების, წმინდანთა ცხოვრების, მარხვების, ფრესკებისა და ხატების,  საეკლესიო საგანძურის, ცოდვებისა და სათნოებების, აპოლოგეტიკის, ღვაწლით შემოსილი მამების, ტაძრისა და მისკენ სავალი გზების, საღმრთო ლიტურგიის ისტორიისა და ღვთისმსახურების  განმარტებების, ეკლესიის ისტორიის და მსოფლიო საეკლესიო კრებების, საეკლესიო სამართლის, თანამედროვე ოჯახის, მართმადიდებლობისა და თანამედროვეობის, მართლმადიდებლური ქვეყნების  თანამედროვე ცხოვრების, მართლმადიდებლური მედიის და სხვათა შესახებ. საღვთისმეტყველო გადაცემების თემატიკა ამოუწურავია და ეს საკითხები მუდამ თანამედროვეობასთან შესათყვისობით განიხილება

თემის სულიერი განვითარებისა და წინსვლისათვის ძალზე მნიშვნელოვანია  ,,საუბარი მოძღვართან“, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

მზადდება გადაცემები  რელიგიური პრაქტიკის სხვადასხვა საკითხზე.

ცალკე გადაცემები ეძღვნება ეპარქიებს,   ცალკეულ ეპარქიაში მიმდინარე  სულიერი ცხოვრების ასახვას. ასევე მნიშვნელოვანია გადაცემათა ციკლი ,,საუბარი ქრისტიანულ ზნეობაზე“,რომელიცქრისტიანულ მოვალეობებს შეახსენებს მრევლს.

საღვთისმეტყველო  თემებზე შექმნილ გადაცემებში ვლინდება რადიო ივერიის  განუმეორებელი მნიშვნელობა მართლმადიდებელი ერისთვის, მაგრამ საპატრიარქოს რადიო  მხოლოდ საღვთისმეტყველო თემატიკით  და მორწმუნეთა აუდიტორიით  არ შემოიფარგლება.

ღვთის სიტყვის  ქადაგებასა და გავრცელებასთან ერთად  რადიო ივერიამ  იტვირთა ურთულესი მისია ქართველი ერის გამთლიანების, ეროვნული ფასეულობების დაცვის, ტრადიციულ ღირებულებათა გადარჩენისა. იგი თავის აუდიტორიად მოიაზრებს არა მხოლოდ მორწმუნე და ქრისტიანობით დაინტერესებულ ადამიანებს, არამედ  მთელს ერს. 

ამისთვის რადიოს აქვს შემეცნებითი, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო გადაცემები, რომლებიც ემსახურება საგანმანათლებლო ტრადიციების შენარჩუნებას, ესთეტიკურ აღზრდას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ტრადიციულ ფასეულ ღირებულებათა დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, მისი პირდაპირი მოვალეობაა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან პრობლემებზე კომპეტენტური მსჯელობა. ეს არის ის ვერტიკალი, რომელიც განსაზღვრავს მართლმადიდებლური მედიის ამოცანას. ჰორიზონტალი კი – შინაარსი ანუ თემატიკა – უსაზღვროა, ესაა კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობა, მსოფლიო ლიტერატურა და ხელოვნება, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  რადიო ივერიაში ხორციელდება  ცოდნისა და რწმენის, რელიგიისა და მეცნიერების სინთეზი.

მეცნიერება, ისტორია, ლიტერატურა,  კულტურა, ხელოვნება, ფილოსოფია  და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სხვა სფერო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს რადიო ივერიის პროგრამაში. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ქრისტიანული მსოფლმხედველობითაა განხილული. 

რადიო ,,ივერიის“ საეთერო ბადის მნიშვნელოვანი სეგმენტია ლიტერატურა, როგორც ეროვნული ცნობიერებისა და აზროვნების უმთავრესი წყარო.

ლიტერატურულ პროცესებს, როგორც ქართული, ისე მსოფლიო სივრცის სიახლეებს, მიმდინარე პროცესებს და ტენდენციებს აშუქებს გადაცემათა სხვადასხვა ციკლი. ლიტერატურულ გადაცემებში კლასიკადქცეული მწერლობის ისტორიასთან ერთად ადგილი ეთმობა დღევანდელობას, იმ პრობლემებსა და ტენდენციებს, რომლებიც თანამედროვე პოეტებისა და მწერლების შემოქმედებაში იკვეთება.

ისტორიულ-ეთნოგრაფიულ გადაცემებშიწარმოჩნდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ხალხთა ისტორია,  კულტურა, ეთნოგრაფია, წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და თანამედროვე ყოფა. აგრეთვე ისტორიულ საქართველოში ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ყოფაში დაცული წესები და ზნე-ჩვეულებები და ღევანდელობა.

რადიო ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრები სხვა რელიგიური თემების ინტერესებს და გადაცემათა სხვადასხვა ციკლებში ასახავს საქართველოს მრავალფეროვნებას, აღწერს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნოსთა წარსულსა და დღევანდელობას. მსმენელისთვის საინტერესოა კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილის წარმოჩენა და დაფასება.

გადაცემის მიზანია ეროვნული უმცირესობების თანამედროვე პრობლემების და ინიციატივების მაქსიმალური წარმოჩენა, მათი სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში.

რადიო მნიშვნელოვან დროს უთმობს აგრეთვე ქართულ და მსოფლიოს ხალხთა საერო და სასულიერო ხელოვნებას, განათლებისა და ჯანდაცვის პრობლემებს, სოციალურ საკითხებს, ქართველ ემიგრანტთა წარსულსა და თანამედროვეობას.

რადიო ივერიის ეთერში გადის გადაცემები, რომლებშიც  სოფლის მეურნეობის წარმოების სფეროში  დღეისთვის  არსებულ საჭირბოროტო  პრობლემებზე,  მათი გადაჭრის, რაციონალური  გადაწყვეტის  გზებსა და საშუალებებზეა საუბარი.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ეთმობა ადგილი რადიო ივერიის პროგრამაში.

კვლავ გრძელდება  მუშაობა რადიოს საეთერო ბადეზე იმისათვის, რომ უფრო დაიხვეწოს და საინტერესო გახდეს, მაქსიმალურად მიუახლოვდეს რადიოაუდიტორიის მოთხოვნებს.

რადიო „ივერია“